logo
ENG



"კონცენტრირებული ვართ, რომ კონფლიქტი არ გავრცელდეს" - ბლინკენი კატარში იმყოფება

08 იან 202409:35
3 წუთის საკითხავი
 
2024/01/08/0acb8w1afdwtnrt.jpg

აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა, ენტონი ბლინკენმა ახლო აღმოსავლეთში ვიზიტი დაიწყო - მან ოფიციალური შეხვედრების დროს ისრაელ-ჰამასს შორის მიმდინარე ომზე ისაუბრა და თქვა, რომ აშშ ორიენტირებულია, ომი არ გავრცელდეს.

"ჩვენ ინტენსიურად ვართ კონცენტრირებული და ვმუშაობთ იმაზე, რომ კონფლიქტი არ გავრცელდეს", - თქვა მან კატარის პრემიერთან შეხვედრის შემდეგ.

აღსანიშნავია, რომ ბოლო სამი თვის განმავლობაში ახლო აღმოსავლეთში ეს ბლინკენის მეოთხე ვიზიტია. კატარის შემდეგ ის ისრაელშიც მიემგზავრება და თელ-ავივში მთავრობის ოფიციალურ წარმომადგენლებთან შეხვედრებს გამართავს.

მანამდე ისრაელის მთავრობის წევრებს ბაიდენის ადმინისტრაციის სხვა ოფიციალური წარმომადგენლებიც შეხვდნენ - აშშ აცხადებს, რომ ეს არის მცდელობა მუდმივად იყვნენ კონტაქტში.

ბლინკენის ვიზიტი დროში ემთხვევა ბოლო პერიოდში ლიბანიდან ჰეზბოლას მიერ ისრაელზე განხორციელებულ გახშირებულ თავდასხმებს - ისრაელმა კვირას განაცხადა, რომ წინა ღამით ჰეზბოლას სარაკეტო იერიშმა ჩრდილოეთით მდებარე სტრატეგიული ბაზა დააზიანა.


close დახურვა